ჟურნალი ნომერი 5 ∘ მაკა მელაძე სახე–სიმბოლოები ვაჟა–ფშაველას არარეალისტურ მოთხრობებშივაჟა-ფშაველას ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. მან ჭეშმარიტი ხელოვანისთვის დამახასიათებელი დაძაბული შემოქმედებითი ცხოვრება გაიარა. მწერალმა მრავალფეროვანი შემოქმედებითი ინტერესები გამოავლინა და მოგვცა ლირიკის, ეპოსისა თუ პროზის შესანიშნავი ნიმუშები. კონსტანტინე გამსახურდიას აზრით, „საგანგებო მონოგრაფიის ღირსია ვაჟას ლირიკა“, რადგან „იგი განსხვავებულია როგორც ქართული, ისე ევროპული ნიმუშებისგან“ [ევგენიძე, მინაშვილი, 2014:471], ტ. ტაბიძე ვაჟას ,,უდიდეს ეპიკოსად’’ მოიხსენიებს [ევგენიძე, მინაშვილი, 2014:471].
ვაჟა-ფშაველა რეალისტი მწერალია, მისი თვალთახედვა რეალისტურია, იგი დაკავშირებულია იმ ლიტერატურულ ატმოსფეროსთან, რომელიც ილიამ და აკაკიმ შექმნეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მან მოგვცა რეალიზმისგან სრულიად განსხვავებული ლიტერატურაც. მის შემოქმედებაში თავს იჩენს ისეთი ტენდენციები, რომლებიც დამახასიათებელია ახალი ეპოქის ხელოვნებისთვის. ეს გამოიხატება იმაში, რომ მან ფოლკლორული მასალის გამოყენებით შექმნა მისტიკურ-ალეოგორიული შემოქმედების ნიმუშები. ამ მხრივ აღსანიშნავია ფაქტი, რომ ვაჟა დაინტერესებული იყო ედგარ პოს შემოქმედებით, რომელიც ასევე მისტიკურობით ხასიათდება. მან ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა და ქართველ საზოგადოებას გააცნო ედგარ პოს ,,შავი ყორანი’’. საინტერესოა და ყურადღებას იქცევს ვაჟას ის მოთხრობები, რომლებშიც იკვეთება მითოსური სამყარო. ვაჟა-ფშაველას არარეალისტურ მოთხრობებს ეკუთვნის: „ამირანის ხმალი(1902წ.)“, „მოჩვენება“ (1893 წ.), „ოცნება(1903 წ.)“, „მოჩვენება(1897 წ.)“.
ვაჟა-ფშაველა მოთხრობაში „ამირანის ხმალი“ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოლკლორულ პერსონაჟს, ამირანს, აცოცხლებს. მოთხრობის მეორე გმირი _ თინათინი მისი დატყვევებისა და დიდ მღვიმეში ჯაჭვით დაბმის მომსწრეა. თინათინი ამბობს, რომ ამირანმა მას დააბარა ყველასთვის ემცნო მისი ამბავი და ეთქვა, თუ როგორ ტანჯავდნენ მტარვალნი მართალ ადამიანს. ამირანის სახე ძალიან საინტერესოა როგორც ფოლკლორულ აზროვნებაში, ასევე ქართულ მწერლობაში; ამირანი ასოცირდება ვაჟკაცობის, უძლეველობის, უშიშრობის იდეალებთან. ზურაბ კიკნაძე ამ მოთხრობაში ამირანს დატყვევებული, ტანჯული სამშობლოს მეტაფორად აღიქვამს [კიკნაძე,2001:30]. აღსანიშნავია ვაჟას დამოკიდებულება ამირანის მიმართ. მოთხრობის სათაურიც _ ,,ამირანის ხმალი’’ _ პირდაპირკავშირშია ნაწარმოების შინაარსთან, ხმალი არის ამირანის უძლეველობის სიმბოლო და გმირთან მიმართებით განიხილება. ფოლკლორული მასალიდან ცნობილია, რომ ამირანის ხმალი მოცულობით და დამზადების ტექნოლოგიით გამორჩეულია, იგი მეტყველებს მფლობელის ფიზიკურ მონაცემებზეც. ამ კუთხით ჩვენთვის საინტერესოა ვაჟას ლექსის _ ,,ამირანის’’ _ შედარება მოთხრობასთან _ ,,ამირანის ხმალი’’. ლექსში უსამართლოდ დასჯილი ამირანი ელოდება ჯაჭვის მტვრევას. ყურადღებას იპყრობს ერთი დეტალი _ ,,პირდაპირ დაყუდებული ჟანგდება მისი ხმალიო’’ [ვაჟა–ფშაველა, 1964:ტ.1,3] ეს წინადადება გარკვეულ კავშირშია მოთხრობაში აღწერილ სიზმართან, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. თუ ლექსში უიმედობა სუფევს, ამირანის ხმალი ჟანგდება უქმად ყოფნით, მოთხრობაში ამირანის ხმალი ფერს იცვლის, რაც იმედის ნიშნად უნდა აღვიქვათ. საინტერესოა თინათინის პერსონაჟიც, მან კაცობრიობას ამცნო ამირანის უსამართლოდ დატყვევების ამბავი. თინათინის სახე შეიძლება გავიაზროთ, როგორც მარადიული ხსოვნის სიმბოლო, იგი შეიძლება მითოსურ სახედაც მივიჩნიოთ, ვინაიდან მას ნანახი ჰყავს ამირანი და კვლავ ცოცხალია. საინტერესოა თინათინის ნათქვამი ფრაზაც: ,,ჩემს მეტი ვინ შაესწრო ამ ამბავს? ან ვინ გაიგებდა, მე რომ არ მეუწყებინა ქვეყნისათვის ეს ამბავი?’’[ვაჟა–ფშაველა, 1964:ტ.6,49] მისი ნაამბობიდან ვიგებთ, რომ მხოლოდ თინათინი შეესწრო ამირანის დატყვევებას და ის რომ არა, ვერავინ გაიგებდა სიმართლეს. იგი ამბობს, რომ მის მეტი ვერავინ ნახავს ამირანს. ამ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თინათინი გარკვეულწილად არის მწერლობის, ზეპირსიტყვიერების სიმბოლო, ამირანის მითი ხომ ფოლკლორული გადმოცემებით მოვიდა ჩვენამდე, იგი ხომ ფოლკლორული სახეა?! მხოლოდ მწერლობას შეუძლია, ამირანი სხვადასხვა სახით მოიყვანოს ჩვენამდე, მისი ტრაგედია ღრმად განგვაცდევინოს. ამირანიც სწორედ ამას ითხოვდა თინათინისგან – ემცნო კაცობრიობისთვის, მტარვალნი რა უსამართლოდ სჯიდნენ მართალ ადამიანს. დიალოგიდან ვიგებთ, რომ ახალი წელი დგება. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა მითოსურ აზროვნებაში, რადგან ახალი წელი თავისთავად გულისხმობს განახლებას, გამეორების უწყვეტობას და აგრეთვე აჩენს უკეთესის იმედს. ნაწარმოებში საინტერესო დატვირთვა აქვს სიზმარს. ის თითქოს მომავლის წინასწარმეტყველებაა. თინათინს ესიზმრება სახეგაბრწყინებული ამირანი, რომელიც მას ეუბნება: ,,კარგი ნიშნები ჩნდება, თინათინ, ღმერთი მოწყალეა’’, ,,გვეშველება, უსათუოდ გვეშველება’’, [ვაჟა–ფშაველა, 1964: ტ.6, 50]. იგი მიუთითებს თავის ხმალზე, რომელიც შეიძლება გავიაზროთ, როგორც ვაჟკაცობის სიმბოლო, და ამბობს, რომ მისმა ხმალმა „ფერი მოიწმინდა“, რაც ასევე უკეთესის მოლოდინის გრძნობას აჩენს. მოთხრობაში ჩნდება ასევე ყორანის სახე, რომლის სიმბოლოც უცხო არ არის ქართული ლიტერატურისათვის (გავიხსენოთ ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედება); ამავე დროს მასში შეიძლება დავინახოთ ედგარ პოს შემოქმედებისადმი ვაჟას ინტერესიც. ტიპოლოგიური მსგავსება მჟღავნდება ედგარ პოს ,,შავ ყორანსა’’ და ვაჟას ,,ამირანის ხმალს’’ შორის. მსგავსება ჩანს იმაში, რომ ედგარ პოს ნაწარმოებშიც ყორანი შეფრინდება პერსონაჟის სახლში და დაჯდება ბიუსტზე. ,,ამირანის ხმალშიც’’ ყორანი შეფრინდება დედა–შვილის სახლში და ჩამოჯდება კიდობანზე. ვაჟას მოთხრობის ყორანიც ისეთივე მედიდურია, როგორ ედგარ პოსი. ამინდი და დროც მსგავსია: ორივე ნაწარმოებში ქარი ქრის, ცივა, საღამოა, გარეთ ბნელა. ყორნის სახე მოთხრობაში „ამირანის ხმალი“ შეიძლება გავიაზროთ, როგორც სიმშვიდის დამრღვევის, უკეთესი მომავლის ხელის შემშლელის. საინტერესოა ყორანის სახე ვაჟას შემოქმედებაში. მის ერთ-ერთ მოთხრობაში ,,ყორანი’’ ფრინველი თავის თავზე ჰყვება, როგორ ეშინიათ მისი ადამიანებს, როგორ არ უყვართ, ვინაიდან იგი არასასიამოვნოს მოლოდინს აღძრავს. სწორედ ამიტომაც კლავს მას მოთხრობის _ ,,ამირანის ხმალი’’ _ გმირი პაპამისის შევერცხლილი ხირიმით და თითქოს ამით თავიდან იშორებს მტერს. საინტერესოა მისი, როგორც მოთხრობის ერთ-ერთი პერსონაჟის, მთხრობლის სახეც. უპირველესად მოთხრობაში ჩანს, რომ მთხრობელს ძალიან უყვარს დედამისი, თავსაც გაწირავს მისთვის. მასაც, ისევე როგორც ადამინთა უმრავლესობას, აშინებს და ეზიზღება ყორანი და მისი არასასიამოვნო ხმა. ამ ფრინველის ,,გაკადნიერება’’ რისხვას იწვევს მასში. მთხრობელმა იცის, რომ ცოდვაა სულიერი არსების მოკვლა, მაგრამ ყორნის მიმართ მისი რისხვა უფრო დიდია, ვიდრე ცოდვის ჩადენის არასასიამოვნო განცდა. იგი ყორანს პაპამისის შევერცხლილი ხირიმით კლავს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ ამის შემდეგ, გარიჟრაჟისას დედა-შვილის სახლში მეკვლედ შედის მოთხრობის კიდე ერთი გმირი ბუთლა და ულოცავს მათ ახალ წელს შემდეგი სიტყვებით: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა!..’’[ვაჟა–ფშაველა 1964:ტ.6,51]ბუთლა შეიძლება გავიაზროთ როგორც უკეთესი მომავლის სიმბოლო. იგი სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც ავისმომასწავლებელი ყორანი მოკლულია და თავისი დალოცვით აჩენს უკეთესის იმედს.
მისტიკურ-ალეგიორიული შინაარსისაა ვაჟას მოთხრობა ,,მოჩვენება’’, რომელიც 1893 წელს არის დაწერილი. აღსანიშნავია, რომ ამავე სათაურით ვაჟას აქვს მეორე მოთხრობაც, ასევე მისტიკური, რომელსაც მოგვიანებით განვიხილავთ. თვითონ სათაურიც ,,მოჩვენება’’ ძალიან საინტერესოა და თავისთავად მისტიკურ განცდას აღძრავს მკითხველში. მოთხრობის სიუჟეტი ვითარდება დანგრეული დარბაზის ეზოში, სადაც რკინის პერანგითა და ხმლებით აღჭურვილი, ჭრილობებიანი რაინდების სახით მწერალი აცოცხლებს წარსული დროის გმირებს. მთხრობელი შენატრის მათ, იცის, რომ ასეთი რაინდები აღარ დადიან დედამიწაზე და სურს მათი ხმა გაიგოს, მაგრამ ისინი მას ხმას არ სცემენ. მათ შორის რაღაც ზღვარია, რომელიც უშლის მოთხრობის გმირს მივიდეს წარსული დროის გმირებთან. როდესაც რაინდებმა დარბაზი დატოვეს, მკითხველს ისეთი გრძნობა უჩნდება, თითქოს ისინი რეალურად არც ყოფილან, თითქოს ეს ყოველივე მოთხრობის გმირის წარმოსახვაა, მოჩვენებაა: „თავჩამონგრეული კოშკები ისევ ისე სდგანან წარბშეუხრელად, თითქოს იქ საკვირველი არაფერი მომხდარიყოს’’. მთხრობელი პირქვე ეცემა და იწყებს ტირილს, ტირილი შეიძლება გავიაზროთ, როგორც ადამიანის სულიერი განწმენდა [დოლიძე, 2017:66] ტირილის შემდეგ იწყება მოთხრობის გმირის გამოცდა ბოროტი სულის მიერ, რომელიც ქაჯად, ალად არის წარმოჩენილი: ,,ქაჯი, ალი წამომდგომოდა თავზე: თავის ცბიერის თვალებით, გაწეწილის, მქისე, საძაგელის შეხედულებით’’ [ვაჟა–ფშაველა, 1964:298] ბოროტი სული ცდის მოთხრობის მთავარ გმირს, ცდილობს მისი ცრემლების გაუფასურებას ამაოების გრძნობის ჩანერგვით. ბოროტი სული მას ეუბნება, რომ ყველაფერს დასასრული აქვს, არ ღირს განცდა და დარდი. მთავარი პერსონაჟი სულით არ ეცემა, იგი ძლიერია და ცდილობს მოიგერიოს ქაჯი. მან იცის, რომ ყოველივე დასრულდება ოდესღაც, მაგრამ ის, რაც ცხოვრებას შეადგენს _ სიყვარული, ოცნება, გრძნობა _ აღშობს ამაოების განცდას. საკუთარ თავში წინააღმდეგობების მიუხედავად, მოთხრობის მთავარ გმირს არ შეუძლია ბოლომდე ჩასწვდეს ფილოსოფიურ კითხვებს, მართლაც არის თუ არა ცხოვრება ამოება; ამიტომ იგი ებმევა ქაჯის ქსელში და სწორედ ამ დროს ჩნდება თეთრწვერა, მშვენიერი სახის მოხუცი, რომელიც ღმერთის სახეა. იგი ეხმარება მას და თრგუნავს ქაჯს. მოხუცი ყავარჯნის მოქნევით აქრობს ბოროტ სულს. იგი ფეხზე წამოაყენებს მოთხრობის მთავარ გმირს და ეტყვის, რომ იყოს მარად მორწმუნე, არ შედრკეს. მოხუცი თვალს მიაპყრობინებს დასავლეთისკენ და დაანახებს მანათობელ მზეს: ,,მე თვალი მივაპყარი დასავლეთს და მკვდარი გავცოცხლდი,’’– ამბობს მთხრობელი. მოთხრობის ეს ნაწილი შეიძლება გავიაზროთ ისე, რომ კეთილი მუდამ გაიმარჯვებს ბოროტზე, უფალი იდგება მორწმუნე ადამიანის მხარეს და მისცემს მას ძალას ბოროტის დასათრგუნავად. როდესაც მოხუცი დასავლეთისკენ, მზისკენ ახედებს მთხრობელს, მასში რწმენა ჩნდება, რწმენის მეშვეობით იგი ცოცხლდება. აქედან გამომდინარე, მზე შეიძლება გავიაზროთ როგორც რწმენის სიმბოლო. საინტერესოა ისიც, რომ მოთხრობის არცერთი პერსონაჟი, მთხრობელის გარდა, არ არის რეალური. რაინდები, ქაჯი, მოხუცი _ ეს ყველაფერი მთხრობელის წარმოსახვაა. ამდენად შეიძლება ვთქვათ, რომ სათაური ,,მოჩვენება’’ ნამდვილად კავშირშია მოთხრობის სიუჟეტთან.
როგორც აღვნიშნე, ამავე სათაურით ვაჟას აქვს დაწერილი კიდევ ერთი მისტიკურ-ალეგორიული მოთხრობა, რომელიც თარიღდება 1897 წლით. მოთხრობაში ჩნდება სატრფოს სახე. სატრფოს, ქალის სახეს დიდი დატვირთვა აქვს ვაჟას ნაწარმოებებში; იგი ხშირად რწმენის, იმედის ჩამნერგავია. თამარ შარაბიძის მოსაზრებით ვაჟას მისტიკურ ლექსებში ქალის სახე გაიგივებულია სულიწმინდასთან, რომლის საშუალებითაც მადლი გადმოდის პოეტზე. ვაჟას მისტიკური ხასიათის ლექსებში ქალის გამოჩენა გარკვეულწილად პოეტის განწმენდასთან არის დაკავშირებული [შარაბიძე, 2005:72]. ამგვარი დატვირთვა აქვს სატრფოს ამ მოთხრობაშიც. იგი სწორედ იმ დროს ჩნდება, როდესაც მთხრობელს ძალიან უჭირს, მთხრობელი აპირებს დაასრულოს ცხოვრება ან იარაღით, ან დანით და სწორედ ამ დროს ისმის კარზე კაკუნი, მოდის უცნობი სტუმარი, რომელიც სთხოვს შეიფაროს ამ საშინელ ამინდში. მთხრობელი კვლავ გამოავლენს ადამიანურ სისუსტეს მაშინ, როდესაც უცნობ სტუმარს კარს არ უღებს. სტუმრის საუბრიდან კი ვიგებთ, რომ ის კარგად იცნობს მას. ეუბნება, რომ _,,ერთი სულიერი საუნჯე გქონდა და, ვგონებ, ისიც დაჰკარგეო’’. მთხრობელი სახლში შემოსულ სატრფოს ცეცხლის სინათლეზე ცნობს, იგი შეცვლილია. ახლა სატრფო გამხდარია, სახე ჩაჰყვითლებია, თმები ჩამოსწეწია შუბლზე, ფეხშიშველაა, მაგრამ მაინც ლამაზი. სატრფოს გამოცვლის მიზეზია: ჯავრი, განსაცდელი, მას ყველაფერი წაართვეს, დარჩა უპატრონოდ. ორივე ატირდება. ტირილი შეიძლება გავიაზროთ როგორც განწმენდის ნიშანი. მთხრობელი ზის სატრფოს წინ და ტკბება მისი მილეული მშვენიერებით. მასაც ეძინება. დილით, როდესაც იღვიძებს, სახლში სტუმარი აღარ ხვდება, ხელში კი ქაღალდის ნაგლეჯი უდევს, რომელზეც წერია: „გიყვარდე, ნუ დამივიწყებ, თუ გინდა, ბედნიერი იყო“. ამის შემდეგ მართლაც ბედნიერია მთხრობელი, იგი სიმშვიდეს გრძნობს. გონება ისევ უწინდებურად სჯის და ფიქრობს. უნდა ვივარაუდოთ, რომ სატრფო მთხრობელის წარმოსახვაა. შესაძლებელია, რომ ყოველივე ეს სიზმარიც იყო. ქალი არარეალური არსებაა, რომელიც რწმენას მატებს მთხრობელს. ქალის სახე ასევე პოეზიად შეიძლება გავიაზროთ. მილეული, დაჩაგრული სატრფო მიგვანიშნებს, რომ ვაჟას პოეზიაც ილევა. პოეზიაა ის, რაც ვაჟას ყველაზე მეტად უყვარს, და სატრფო, როგორც პოეზიის სიმბოლო, აძლევს ძალას და რწმენას პოეტს ისევ და ისევ პოეზიის დასაცავად [დოლიძე, 2017:64].
ვაჟას კიდევ ერთ მისტიკურ-ალეგორიულ მოთხრობაში ,,ოცნება’’ კვლავ ჩნდება სატრფოს სახე. სატრფოს მხატვრული სახის ალეგორიული გააზრების ტრადიცია ხშირად გვხვდება ნაწარმოებებში. საინტერესოა, რომ ქალის, სატრფოს სახე, ვაჟას შემოქმედებაში ხშირად გაიაზრება, როგორც ღმერთამდე ამაღლება [ხინთიბიძე:2005]. ვაჟას ამ მოთხრობაშიც სატრფო სწორედ ზეციურ არსებად გაიაზრება, რომელიც ეხმარება ადამიანს თავისი დანიშნულების გაგებაში. სატრფო მიდის და მთხრობელს უბარებს, იშრომოს; შრომა და სიყვარული აძლევს ადამიანს სიცოცხლის ძალას. საინტერესოა მთხრობლის მდომარეობა: სურს გაეკიდოს სატრფოს, მაგრამ სხეული არ ემორჩილება, სიტყვის თქმაც კი აღარ შეუძლია. ეს დამახასიათებელია სიზმრისთვის. აღსანიშნავია ის, რომ ზეციური სატრფოს სახე ხშირად ჩნდება სიზმარში ან ადამიანის წარმოსახვაში. სატრფოს არარეალურობაზე მეტყველებს მისი მდგომარეობაც, იგი მტრედივით ზის ეზოს დიდი ლოდზე და თვალები ცისკენ აქვს მიპყრობილი. მტრედი მიჩნეულია, როგორც წმინდა ფრინველი, ამ შემთხვევაში, სატრფოს შედარება მტრედთან და ასევე მისი მდგომარეობა, ანუ მზერა, რომელიც მიპყობილია ზეცისკენ, გვაფიქრებინებს, რომ სატრფო არის ზეციური არსება. ამინდის გაუარესება მოთხრობაში შედარებულია წარღვნის დღესთან და ეს შიშის გრძნობას უძლიერებს მთხრობელს. სატრფო კვლავ უძრავად ზის და ზეცას შესცქერის. უეცრად ,,ცეცხლის კაცები’’ ჩნდებიან და სატრფო მიჰყავთ. მოთხრობაში სამოთხისა და ჯოჯოხეთის სურათი ჩნდება. სამოთხე წარმოდგენილია მაღლიდან ჩამოსული, მშვენიერი გოგო-ბიჭების სიმღერით. ქალთა და ვაჟთა მომღერალი გუნდი ანგელოზების ასოციაციას ქმნის, რომელთა ტკბილი ხმა ამშვიდეს და აძინებს მთხრობელს. გამოღვიძების შემდეგ სრულიად საპირისპირო სურათი წარმოჩნდება: წყლით სავსე სახლში ბაყაყები დახტიან, შეშინებული მთხრობელი გარბის და ირგვლივ საშინელებებს ხედავს: მტირალი ბავშვები, მგლები და ტურები, რომლებიც ჩხავიან, საშინელი დევი, რომელიც ანადგურებს ადამიანებს; ირგვლივ მუდარისა და კვნესის ხმა ისმის, ხალხი საფლავებს თხრის. ეს სურათი ჯოჯოხეთის ასოციაცის ქმნის, რომელიც აშინებს მთხრობელს და სურს, რაც შეიძლება შორს გაიქცეს. მოთხრობის კულმინაციაა სატრფოს სახრჩობელაზე აყვანა. მის გარშემო ხალხია შეკრებილი. მთხრობელი ცდილობს შეაჩეროს დარაჯი, გადაარჩინოს სატრფო, მაგრამ დარაჯი მას მახვილს ურტყამს და იგი უგრძნობლად დაეცემა მიწაზე. ესმის მხოლოდ ხალხის ხმა: ,,გადარჩა, გადარჩა, სამჯერ გაწყდა თოკი!..’’ ცნობილია, რომ ციფრი სამი სიმბოლურია და მას ამგვარი დანიშნულება აქვს მოთხრობაშიც. დასასრულს ვიგებთ, რომ ეს ყოველივე იყო სიზმარი: ,,მეც თვალები გავახილე… გაქრა სიზმარი… გაქრა ოცნება’’. საინტერესოა ის, რომ, როგორც წინა მოთხრობაში მოხდა, აქაც გაღვიძებულ მთხრობელს ბარათი აქვს ხელში, სადაც წერია სიტყვები: „ქვეყნის ერთგულნო, იშრომეთ!“ [ვაჟა–ფშაველა 1964: ტ.6, 83] ეს სიტყვებიც თითქოს გარკვეულ მოტივაციას აძლევს მთხრობელს. აქაც სატრფოა ერთგავარი მოტივატორი. შესაბამისად, სატრფოს დანიშნულება რწმენის ჩანერგვა, სწორი გზის, ადამიანის დანიშნულების ჩვენებაა.
ამგვარად, ვაჟას არარეალისტური მოთხრობები მრავალ საინტერესო საკითხს მოიცავს. მწერალი მისტიკურ-ალეგორიულ ნაწარმოებებში სხვადასხვაგვარ მისტიკურ სახეებს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მოთხრობის ფინალი პოზიტიურად მთავრდება, მოთხრობის გმირებს დაკარგული იმედი უბრუნდებათ და შესაბამისად, ამით ვაჟა მკითხველსაც უნერგავს რწმენას. უნდა ითქვას, რომ ვაჟას არარეალისტური მოთხრობები მოდერნისტულ ტენდენციებს შეიცავს, რაც ახალია მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურისათვის და განასხვავებს მწერალს თავისი თანამედროვეებისგან.
გამოყენებული ლიტერატურა
დოლიძე ა. 2017. სიზმრის ფსიქოსემიოტიკა ქართულ მხატვრულ დისკურსში, თბილისი.
ევგენიძე ი, მინაშვილი ლ. 2014. ქართული ლიტერატურა ოთხ ტომად, ტ. II, XIX საუკუნე, „საქართველოს მაცნე“, თბილისი.
ვაჟა–ფშაველა, 2011. ,,ლექსები, პოემები, მოთხრობები’’, გამომცემლობა ,,ანბანი’’, თბილისი.
ვაჟა–ფშაველა, 1964. თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ.1, ლექსები, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო’’, თბილისი.
ვაჟა–ფშაველა, 1964. თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ.6, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო’’, თბილისი.
კიკნაძე ზ. 2001. ქართული ხალხური ეპოსი, ,,ლოგოს პრესი’’, თბილისი.
მინაშვილი ლ. 2010. ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია, უნივერსიტეტის გამომცემობა, თბილისი.
ქართული ფოკლორი 5(XXI), 2010. თბილისი.
შარაბიძე თ. 2005. ,,ქრისტიანული მოტივები ვაჟა–ფშაველას შემოქმედებაში’’, თსუ ვაჟა–ფშაველას კაბინეტის გამოცემა, თბილისი.
ხინთიბიძე ელ. 2005.,,ზუბოვკის’’ სიყვარულის მისტიკური ინტერპრეტაციისათვის. დავით–გურამიშვილი –– 300. თბილისი.
ვებ–რესურსები
https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-mothkhrobebi/
https://www.aura.ge/311-klasika/6269-edgar-alan-po--korani.html